ETHERNET our services IP TRANSIT INT. VOICE SERVICES DATA CENTER .GE DOMAIN DARK FIBER IP DDOS MITIGATION
.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული სისტემა

2018-04-17

2018 წლის 16 აპრილიდან ძალაში შევიდა .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები.

წესები ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ცვლილებებს:


• კავკასუს ონლაინი ინარჩუნებს მხოლოდ .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორობის ფუნქციას, წყვეტს რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას, რაც ნიშნავს, რომ კავკასუს ონლაინი აღარ ახორციელებს დომენური სახელის რეგისტრაციას, რეგისტრაციის განახლებას და შესაბამისი მომსახურების საფასურის მიღებას რეგისტრანტებისგან;

• რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტირებული რეგისტრატორები, რომლებიც განახორციელებენ თქვენთვის სასურველი დომენური სახელის რეგისტრაციას და მართვას;

• .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის ახალი წესების თანახმად, ზოგადი დომენური სახელების რეგისტრაცია და რეგისტრაციის განახლება არის ფასიანი. შესაბამისად, თქვენს სახელზე რეგისტრირებული ზოგადი დომენური სახელის რეგისტრაციის განსაახლებლად ვალდებული ხართ გადაიხადოთ რეგისტრაციის განახლების საფასური ახალ, თქვენს მიერ არჩეულ რეგისტრატორთან;

• რეგისტრანტს შესაძლებლობა აქვს განახორციელოს დომენური სახელის გადაცემა, რეგისტრატორის ცვლილება;

• მესამე პირებსა და რეგისტრანტებს შორის დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავები განიხილება „.GE დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების პოლიტიკის“ შეაბამისად.


.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები, აუქმებს/სრულად ანაცვლებს „GE დომენის რეგისტრაციის წესების და პირობები“-ს დოკუმენტს და ვრცელდება ყველა .GE დომენურ სახელზე, მათ შორის, 2018 წლის 16 აპრილამდე რეგისტრირებულ დომენურ სახელებზე.